17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული... მაია ცქიტიშვილი სამაგალითო საჯარო მოხელე იყო - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, "დღის კურიერის" ეთერში, მაია ცქიტიშვილს, რომელმაც დღეს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილი სამაგალითო საჯარო მოხელე იყო და ის, "ქართული ოცნების" გუნდის წევრი მომავალშიც იქნება. 

"ცვლილება მოხდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა პოზიცია დატოვა. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგანაც ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველომ განაახლა და ააშენა ბოლო წლების განმავლობაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში მაია ცქიტიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ის სამაგალითო საჯარო მოხელე გახლდათ და "ქართული ოცნების" გუნდის წევრიც იქნება მომავალში,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

რატომ დატოვა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა და ხომ არ გაყვა ის გიორგი გახარიას? - შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული".

"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ქალბატონმა მაიამ ძალიან გულწრფელად განმარტა მიზეზები, რისთვისაც მან თავისი პოზიცია ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთ მოწინავე თანამშრომელს დაუთმო. ირაკლი ქარსელაძე შედეგზე ორიენტირებული, პრინციპული ადამიანია, რომელსაც კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

ცნპბოსთვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. ის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს ჩაანაცვლებს. ირაკლი ქარსელაძე, ამ დრომდე, აღნიშნულ უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

 

 

დღის ამბები