17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენების მოწოდებები - ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელ არჩევნებსა და მოლაპარაკებების გამართვაზე საუბრობენ  

ამერიკის სენატორებისა და კონგრესმენების მოწოდებების, დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებას სჭირდება განმუხტვა, რისთვისაც მეტი კოორდინაცია და თანამშრომლობაა საჭირო. 

"თუკი ლიეტუვას სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან ამ პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. თავიდან ბოლომდე ბატონი ღარიბაშვილი გახლავთ განსახიერება კონფლიქტისა, რომლისთვისაც არის ორგანული ზიზღის ენა. მეტიც, არის მტრულად განწყობილი ყველა სხვა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლება ბატონი ღარიბაშვილის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად?! ვერ გაგრძელდება, კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარტნიორების დახმარებით, ქვეყანაში კრიზისი უნდა განიმუხტოს.

"ჩვენ უკვე ნახეთ მთელი წყება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურების განცხადებების ამერიკის სენატში და კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის სპიკერის. ყველა ამ განცხადების მიმართულება არის ერთი, ეს კურსი, რაც ახლა არჩეული აქვს მთავრობას, არის შეუთავსებელი თავისუფალი სამყაროს წევრობასთან. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ საქართველოს ჩვენი მეგობრის დახმარებით, ეს კრიზისი იქნას მშვიდობიანად განმუხტული, ოღონდ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება მთავრობისგან, ამას სჭირდება სვლა ნორმალური ვადამდელი არჩევნებისკენ და პოლიტიკური დევნის დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს.

"მოწოდება არის, რომ მსგავსი სახის პოლიტიკური დევნა აღარასოდეს აღარ უნდა იყოს საქართველოში და ასევე, პირდაპირი მოწოდებაა ყველა მხარის მიმართ, რომ დასხედით, გააგრძელეთ მოლაპარაკება. იმავეს ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მოვიდნენ, დავსხდეთ მაგიდასთან, გავაგრძელოთ მოლაპარაკება და შედგეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

დღის ამბები