17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ლიეტუვა იყო, არის და დარჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ ევროკავშირში" - სალომე სამადაშვილი 

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყო სალომე სამადაშვილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა ევროკავშირში და მისი პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რა უნდა მოხდეს კონკრეტულ იდეებზე, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში, იმ განხილვებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიმართოს უახლოეს დღეებში, ბრიუსელში იმისთვის, რომ მოხდეს უკვე განახლებული სტრატეგიით ევროკავშირის ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ ლიეტუვა იყო და არის დღემდე და დარჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ ევროკავშირში, ჩვენი დღის წესრიგის დასაცავად, ამიტომ მათი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოვიდა. ჟიგიმანტას პავილიონისი ოპოზიციონერ ლიდერებსა და მთავრობის წევრებს ხვდება. მან მედიასთან საუბრისას ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ და კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ერთადერთი გზაა რომელიც ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება.

დღის ამბები