17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
მოქმედი კონსტიტუცია განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ამბიციას, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის 100 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად, საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელიც დამატებით საფუძველს ქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. 

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ გამართული კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და დემოკრატიულ წესრიგის, არამედ, აუცილებელია მისი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობაც. 

"1995-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტ ცვლილება შევიდა, რომელთა უმეტესობა სუბიექტური მიზეზებით იყო ნაკარნახევი. პირველივე შესწორება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა, თავისი არსით, არაკონსტიტუციური იყო და საარჩევნო ბარიერის 7%-მდე გაზრდას ითვალისწინებდა. კონსტიტუციის სუბიექტურ ინტერესებზე მორგება, აღნიშნული წლების მანძილზე, სამწუხაროდ, ფართოდ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიული სისტემის განვითარებას უმძიმესი დაღი დაასვა.

2013 წლისთვის, საქართველოს ჰქონდა დაუბალანსებელი, როგორც შინაარსობრივი, ისე იურიდიული თვალსაზრისით გაუმართავი კონსტიტუცია, რომელიც თვისებრივ გადასინჯვასა და დახვეწას საჭიროებდა. 2017 წელს ხელახლა შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრება დაისახა მიზნად. გამართული და სტაბილური კონსტიტუცია არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა სახელმწიფოში სტაბილური, დემოკრატიული წესრიგის განმტკიცებისთვის.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ კონსტიტუციური საფუძველი, არამედ, პრაქტიკული შესაძლებლობაც, იზრუნოს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დაცვასა და განმტკიცებაზე. დღეს, საქართველოს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე, ქვეყანას აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები