ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების მოლოდინშია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს.
"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ მიმართულებით დიალოგისთვის. თქვენ იცით ის 4 პუნქტი, რომელიც აქვს ოპოზიციას, რაც გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რომ ჩატარდეს მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაბმისად, ამ საკითხებზე ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად, მათი ჩართულობით მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის,"- განაცხადა გია ბარამიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, შეთანხმება კი ვადამდე არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას უნდა შეეხოს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ შიდა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, "ქართული ოცნების" გუნდი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.
"მოლოდინი არის, რომ "ქართული ოცნება" წამოვა მოლაპარაკებებზე, რადგან არნახული წნეხია მასზე, უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც, არამარტო ქვეყნის შიგნით. ამიტომ, ოდნავ საღი აზრი მაინც თუ არსებობს მმართველ პარტიაში, მოლაპარაკებებს არ ექნება ალტერნატივა. მოლაპარაკებები აუცილებლად შედგება და შეთანხმებაც აუცილებლად შედგება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.