17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ღარიბაშვილს თუ ჰგონია თავისი პრუტუნით აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება - გიგი უგულავა  

პარტიები, რომლებიც წინასწარ აანონსებენ, რომ ხელს შეუშლიან პოლიციას და არ დაუშვებენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში იმყოფებიან.

ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს დევნა ნიკა მელიას მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს და ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას მიიღებს. 

"მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ასეთ უგუნურ ნაბიჯზე ხელისუფლება ვერ წავა, რადგან მგონი, ყველა კარგად აცნობიერებს, ალბათ ხელისუფლებაც აცნობიერებს, რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს და პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას. ეს პოლიტიკური ფასი იქნება ქართული ოცნების დასასრული და ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც მიიღებს ამ უგუნურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი  გიგი უგულავა ამბობს, რომ მის სიტყვას "ნულოვანი" ფასი აქვს. 

"ღარიბაშვილს ახლა თუ ჰგონია თავისი პრუტუნით ჩვენ აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი, ასე რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. იმიტომ, რომ აქ შემოვარდნა არის გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. მოიქეცით ისე, როგორც მაშინ მოიქცა ქართული პოლიცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ რეპრესიების ჩატარება მოუწევთ. 

"მე ვისურვებდი, რომ მათთვის ტრაგიკული და ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი არ გადადგან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რომ ეს ნაბიჯი ვერ და არ გადადგან. ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც იყო, მაშინ მოუწევთ მელიას კი არა, მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ რეპრესიების ჩატარება. ბევრი ხალხის დაკავება და ძალის გამოყენება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ თუკი "ქართული ოცნება" აგრესიის გზით ივლის, ეს მათთვისვე დასრულდება ცუდად. 

"შეთანხმების გარეშე, იმ 4 საკითხზე, რასაც ოპოზიცია აყენებს, არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში არ შევა. ზეწოლა იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, ზეწოლა იქნება ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ზეწოლა იქნება აქციები. ქართულ ოცნებას თუ უნდა იაროს  აგრესიის და დესტრუქციის გზით, ეს დაასრულებს მათვე ხელისუფლებას,“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

პარტია ”ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მივიდა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადეს.

“ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური სუბიექტია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე მოვედი კონკრეტულ ადამიანთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად და იმის დასაფიქსირებლად, რომ ნიკა მელიას პრობლემა არ არის ნიკა მელიას პრობლემა,“ - ამბობს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები