19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
რაგბის კავშირი კვლავ პრეზიდენტის გარეშეა - არჩევნების დღემ ხმაურის ფონზე ჩაიარა

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. ირაკლი აბუსერიძის მომხრეები რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს დაუპირისპირდნენ.

მორაგბეებმა სოსო ტყემალაძე და მისი მომხრეები ხმის მიცემის მქონე სუბიექტებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

მორაგბეების ინფორმაციით, ზეწოლა განხორციელდა კლუბ "წიქარას" პრეზიდენტზე თენგიზ გოცირიძეზე, არჩევნებზე კი ერთ-ერთი დელეგატი სამი გუნდის სახელით აპირებდა ხმის მიცემას.

თავის მხრივ, ზეწოლაზე საუბრობს პრეზიდენტობის კანდიდატი სოსო ტყემალაძეც. მისი აზრით, ის, რაც ხდებოდა დღეს ავჭალის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო პირდაპირი ზეწოლა ხმის მიცემის მქონე დელეგატებზე.

რაც შეეხება არჩევნებს, რეგისტრაცია 24 დელეგატმა გაიარა, დაფიქსირდა 42 ხმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დებულების თანახმად, განმეორებით ყრილობაზე კვორუმისთვის 38 ხმა იქნება საკმარისი.

საქართველოს რაგბის კავშირის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 10-დან 30 დღის განმავლობაში გაიმართება. ზუსტ თარიღს რაგბის კავშირის გამგეობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

დღის ამბები