17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ - მმართველი გუნდი ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს.

შენობის გარეთ პროტესტს მმართველი პარტიის წევრები გამოეხმაურნენ, მათი შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნებს აბსურდულია, რადგან საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. ამასთან, "ქართული ოცნების" წევრები რიგგარეშე არჩევნების თემასაც შეეხნენ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ჩართვის მნიშვნელობას.

ესმის თუ არა საპროტესტო ხმა, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა:

"ერთ-ერთი კომიტეტის სხდომის დარბაზში ისმოდა ხმა, რაც შეეხება გადატანითი მნიშვნელობით, ვიცი მათი არგუმენტები და უმრავლესობა მათგანთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, არ ვეთანხმები. პოლიტიკური პატიმრების არსებობას არ ვეთანხმებით, ეს არაერთხელ ითქვა და ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეთანხმებით, თუკი უმცირესი 1%-იანი დასაბუთება მაინც იარსებებს არჩევნების გაყალბებისა,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი:

"კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და ჩაატაროს აქცია, რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამის საფუძველი მე მგონი ვთანხმდებით, რომ არ არსებობს, მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა 31 ოქტომბერს და ოპოზიციაც თუ გაიგებს, რა არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ, კარგი იქნება," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას "ქართული ოცნების" პრორუსულობასთან დაკავშირებით:

"თქვენ თუ ვინმეს იპოვით ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში, ვისაც იმაზე მეტი აქვს გაკეთებული ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ვიდრე მე, მაშინ მივიღებ ამ კომენტარს," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეც, ის თანაგუნდელების მსგავსად ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას სთავაზობს:

"როგორც მე ვიცი, რაღაც სამშვიდობო-საპროტესტო აქციაა, კონკრეტულად ვერ გეტყვით. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, უკვე განმარტებაც არის გაკეთებული, რომ თუ იმის საფუძველზე ითხოვენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაზე საპასუხოდ მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა კომისიაში და დაამტკიცონ, რომ არჩევნებია გაყალბებული,"- განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას, ის აქცენტს ეპიდვითარების მოსალოდნელ გაუარესებაზე აკეთებს:

"სააკაშვილის ხუშტურების ასრულება, რომ გამოვიდეს რაღაც 1000-2000, გნებავთ 5000 კაცი, ჩემი აზრით, არის რაციონალურ საფუძველს მოკლებული. თუ გვაქვს დღეს 200-მდე ინფიცირებული, შეიძლება გაგვეზარდოს და ეს თუ ვიღაცის მიზანია, მე მივმართავ ბატონ ხაზარაძეს, დანარჩენ ლიდერებს, თუ თქვენი ამოცანა და მიზანია, რომ ვაქცინაციის პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდეს და პანდემია გავრცელდეს, ამის შედეგი მივიღეთ ზაფხულში, როდესაც 30 ინფიცირებულიდან 5 ათასამდე ავიდა, მაშინ აიღეთ ეს პასუხისმგებლობა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები