17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
საქართველოს რეიტინგი კვლავ BB დონეზეა - S&P Global-ის ანგარიშს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში განსხვავებულად აფასებენ

Fitch-ის შემდეგ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ.  S&P Global-ის ანგარიშის მიხედვითაც, ქვეყნის რეიტინგი უცვლელია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 2021 წელს 4% იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. სააგენტოს ანგარიშში ასახულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც. ტექსტში ნათქვამია, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინვესტორების ნდობას და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამციროს ინვესტიციების მოცულობა.

"მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო, რათა ხელი არ შეეშალოს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე S&P Global-ის ანგარიშს იმის მტკიცებულებად მიიჩნევს, რომ საქართველო ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას:

"უკვე მეორე კომპანიის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება ნიშნავს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს შედარებით კონკურენტუნარიანობას მსგავსი რეიტინგის ქვეყნებთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნებმა რამდენიმე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს უკვე შეუმცირეს საკრედიტო რეიტინგი, ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ რეალური რჩება ჩვენთვის 2024 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი

ოპოზიცია რეიტინგთან დაკავშირებით მმართველი გუნდის რეაქციას, კრიტიკულად შეხვდა.

"ხელისუფლების რეაქცია არის თავხედობა და უნდათ, რომ თვალში ნაცარი შეაყარონ მოსახლეობას და მოატყუონ. რეიტინგი გაუარესდა იყო BB სტაბილური და გახდა BB ნეგატიური ანუ უარყოფითი პერსპექტივითაა ქვეყანაში ვალების მომსახურების უნარი სამომავლოდ. ზუსტად ერთი კვირის წინ Fitch-მა BB სტაბილური დატოვა და მთავრობა ამაყობდა, რა კარგია, რომ ნეგატიურში არ გადაგვიყვანეს რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსადო, არ ვიცი ვის გულისხმობდნენ, იმიტომ რომ თითქმის არავისთვის არ გაუუარესებიათ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები