ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. შარლ მიშელი, ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად გაეცნო სოფელ ხურვალეთში არსებულ ვითარებას.
მიშელი შეხვდა ადგილობრივებს და მოისმინა ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.
ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დაახლოებით, ნახევარ საათს გაჩერდა.
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა ადგილობრივებს, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ევროპა ერთგულია სტაბილურობის უსაფრთხოებისა და მშვიდობისადმი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსა და ევროპას შორის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოხდეს იმ რეფორმების იმპლემენტაცია, რომელიც,პირველ რიგში, მოსახლეობისთვის არის საჭირო. ესაა კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა ასევე, ამბიციური ეკონომიკური პროგრამების განვითარება.
COVID - 19 კვლავ დიდი გამოწვევაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ აღდგენის სტრატეგია, რაც მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩემი აქ ყოფნა არის შესაძლებლობა, გამოვხატო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი," - განაცხადა შარლ მიშელმა.