26 აპრილი 2024,   23:55
ვრცლად
გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია სააკაშვილის პოზიციას პლებისციტთან დაკავშირებით - ხელისუფლების ოპონენტებში აზრები ორად იყოფა

ოპოზიციაში პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ.

ნაწილი მიიჩნევს, რომ პლებისციტი ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტია და მზად არის ამ კომპრომისზე წასასვლელად. ნაწილი კი ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე შეთანხმება შეუძლებელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ პლებისციტზე ლაპარაკი ნაადრევია, ხოლო თუ იქნება შესაბამისი წინადადება, ამას ოპოზიციაში დისკუსიით გადაწყვეტენ. 

"პლებისციტზე და სხვა რომელიმე კონკრეტულ მოდელზე ახლა საუბარი ცოტა ნაადრევად მეჩვენება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები, ამაზე ღირს დაფიქრება და როცა იქნება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემოთავაზებები, შემდეგ ამაზე იქნება დისკუსია და უნდა ჩამოვყალიბდეთ ისე, როგორც იქნება ეს ქართველი ხალხის ნების გამომხატველი,"-აცხადებს დავით კირკიტაძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კი პლებისციტს ვადამდელი არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ გზად ხედავს, თუმცა კონკრეტულ შემოთავაზებამდე ამაზე საუბარი მასაც ნაადრევად ეჩვენება. 

"ტაქტიკური საკითხები, ეს იქნება პლებისციტი, თუ როგორ მივალთ ახალ არჩევნებამდე, შეიძლება იყოს განხილული. მე მგონია, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ამაზე მთელი ოპოზიციის თანხმობა არსებობდა. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, ამაში ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ. იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნების" მხრიდან არც პლებისციტზეა თანხმობა, არ მგონია მიზანშეწონილად ამ საკითხის გარჩევა,"-აცხადებს კაპანაძე.

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პლებისციტის ჩატარებას ემხრობა და აცხადებს, რომ შეეცდება ეს პოზიცია ოპოზიციაშიც გაამყაროს. 

"ჩვენი პარტიის პოზიცია არის, რომ პლებისციტი არის ის მექანიზმი, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა ქვეყანას ახალი საპარლამენტო, პროპორციული არჩევნები. ბატონი სააკაშვილის განცხადებას არ ვეთანხმები, ისევე, როგორც მის ბევრ სხვა პოსტულატს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და შევეცდებით, რომ ეს ხედვა გავიტანოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში და ჩვენს ამომრჩევლებში,"-აცხადებს ხაზარაძე. 

"გირჩის" ლიდერ იაგო ხვიჩიასთვის ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა პლებისციტთან დაკავშირებით იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან არაფერზე შეთანხმებას არ აპირებს. 

"ვხედავთ ოპოზიციის გარკვეული წევრების შეცვლილ რიტორიკას პლებისციტთან დაკავშირებით. ზოგიერთი ამბობს, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელიც ამბობს, არაფრით არ შეიძლება ახალი პლებისციტიც კიო, როცა მისი პარტია ითხოვდა ამას ცოტა ხნის წინ. ოპოზიციაში არ არის ერთიანობა. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის პრევენციული ხასიათის, ცდილობს, დააზღვიოს ოპოზიცია, რომ ისინი არ შეთანხმდნენ არაფერზე ხელისუფლებასთან,"-აცხადებს ხვიჩია. 

შეგახსენებთ, რომ პლებისციტზე უარის თქმისკენ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას გუშინ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები