17 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
პლებისციტი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ოპოზიცია პოლიტიკურ შეთანხმებამდე მისასვლელ გზებზე საუბრობს

პოლიტიკური დიალოგიდან მეხუთე დღეს, რომელიც ბოლოს შარლ მიშელის მედიატორობით შედგა, მხარეები ისევ ვერ აკონკრეტებენ, როდის შედგება მოლაპარაკებები. 

ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი პლებისციტის ჩატარებას ემხრობა და თუ ამას მმართველი პარტია დათანხმდება, ეს იქნება ერთ-ერთი გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ხალხის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.  

"ხალხმა გადაწყვიტოს, თუ ნდობა ექნება "ქართულ ოცნებას", ჩვენ არაფერი არ გვექნება დარჩენილი ,გარდა იმისა, რომ მივიღოთ ხალხის ნება, შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ მუშაობა. თუ სხვა პოზიცია იქნება და ხალხი იტყვის, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას ამ არჩევნებს და აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ქართულ ოცნებასაც მოუწევს ანგარიში გაუწიოს ხალხის აზრს,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ მზად არიან კომპრომისისთვის, თუმცა მანამდე ამისთვის აუცილებელია გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაიწყოს საუბარი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გზებზე.

"ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის, მზად ვართ შეთანხმებისთვის, ამისთვის აუცილებელია პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საუბარი რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზებზე, რაზეც შეიძლება რომ მოვილაპარაკოთ და ასევე, ის რადიკალური ცვლილებები, რაც უნდა მოხდეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე - სასამართლოში, პროკურატურაში,“ - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

პლებისციტის ჩატარების მომხრეა "ლელო საქართველოსთვის“. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პლებისციტი უნდა ჩატარდეს ადეკვატურ გარემოში და ის საზოგადოების მაღალი სანდოობით უნდა სარგებლობდეს.  

დღის ამბები