გაიმართება თუ არა პოლიტიკური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და რა იქნება მთავარი საკითხი, რაზეც შესაძლოა მხარეები დათმობაზე წავიდნენ, ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციის ნაწილი განიხილავს შესაძლებლობას, რომ პლებისციტის ჩატარებას დათანხმდეს, როგორც კომპრომისულ ვარიანტს.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ის საკითხები უნდა შესრულდეს, რომელიც 6-პუნქტიან გეგმაშია გათვალისწინებული და რომელიც შექმნილი კრიზისის განმუხტვის გზაა.
"ჩვენ ვცდილობთ, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ იმაზე, რაზეც პრეზიდენტ მიშელის აქ ყოფნისას პრემიერი ღარიბაშვილი დათანხმდა და მერე სამწუხაროდ გადათქვა, გაყვეს ამ ყველაზე გონივრულ გზას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ეს გონივრული გზა არის ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფად გაგრძელება. ამ პუნქტებში არის გრძელვადიანი ამოცანები, არის მოკლევადიანი საკითხები, რომლებიც აუცილებელია განმუხტვისთვის. ეს არის პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და სვლა ვადამდელი თავისუფალი არჩევნებისკენ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მნიშვნელოვან საკითხებად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ასახელებს.
"მეხუთე პუნქტი ითვალისწინებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არის ყველაფერი და ნიკა მელიას გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თანმდევი მოვლენები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა იქნება აუცილებელი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ადგილობრივი არჩევნები არის სიგნალი იმისა, ჩავატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები თუ არა,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.