"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური კრიზისის პლებისციტით განმუხტვის შესაძლებლობას აღარ იზიარებს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ კონსენსუსი მხოლოდ ვადამდელ არჩევნებსა და მათი შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეიძლება მოჰყვეს.
"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსი პოზიცია აქვს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერსაც.
კოლეგების მსგავსად, პატიმრების გათავისუფლებას მოლაპარაკებებისთვის უალტერნატივო საკითხად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. თუმცა პოლიტიკურ ძალებში განმარტავენ, რომ პარალელურად, პლებისციტი, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების საგანი გახდეს.
პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის ოპტიმალურ გზად თვითმმართველობის არჩევნები რჩება "გირჩისთვის".
დიალოგს უალტერნატივოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდშიც. თუმცა, "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ პლებისციტისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ისევ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას ურჩევს. "ოცნების" წევრების თქმით, პარტია ოპოზიციის პარლამენტში დასაბრუნებლად ყველა გონივრულ შესაძლებლობას განიხილავს.
ზუსტად ათ დღეში, ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. სწორედ 16 მარტს უკვე უნდა არსებობდეს კომპრომისული ვარიანტი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში ჩავა.