17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ჩემი აზრით არცერთი მხარე რეალურად არ სთავაზობს მეორე მხარეს კომპრომისულ წინადადებას - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ არცერთი მხარე, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ერთმანეთს კომპრომისულ წინადადებას არ სთავაზობს.

როგორც მეგრელიშვილი მიიჩნევს, ორივე მხარისგან რეალური წინადადება უნდა იქნეს წარმოდგენილი.

"თვითონ შეთანხმების სურვილი აქვთ თუ არა მხარეებს, ეს არ ჩანს. არ მიდის მსჯელობა თითოეულ საკითხზე, რომელიც პუნქტებში წერია, არამედ ელოდებიან მოწინააღმდეგეს, რომელსაც ბურთი აქვს, ის რას გააკეთებს. ჩემი აზრით, არცერთი მხარე რეალურად არ სთავაზობს მეორე მხარეს კომპრომისულ წინადადებას.

თუ მოლაპარაკებას რაიმე შანსი აქვს დასრულდეს, უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მართლაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა და რაზე არიან თანახმა, იმ წინადადების მოტანა. ისევე, როგორც ოპოზიციის მხრიდან მართლაც უნდა იყოს წარმოდგენილი რეალური წინადადება, რას ნიშნავს ოპოზიციისთვის კომპრომისი," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება, "ლეიბორისტულ პარტიას", შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზადაა.

"კომპრომისზე რომ ოპოზიცია მზად არის, იქიდანაც ჩანს, რომ დავუჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ამას დასჭირდა ევროპის პრეზიდენტის შუამავლობა. ისე მათ ხალხთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკების მორალური რესურსი არ დარჩათ.

ის, რომ რამდენიმე დღეში კვანძი გაიხსნება და ოპოზიცია მათ ჭკუაზე ივლის, ეს ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც 2010 წელს რომ იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული.

გადადგეს დღესვე, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, მაგრამ თუ ის მოხდა, რომ წამოვიდა, ნუ ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?! ტერორისტებს ხომ ელაპარაკებიან, როცა მათ მძევლები ჰყავთ აყვანილი, მძევლების უსაფრთხოებისათვის და დღეს ქვეყანა და ჩვენი შვილებია მათი მძევალი. უნდა ვუთხრათ დროზე წადი და დროზე ახალი არჩევნები, აბა რა ვქნათ," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები