ამ წუთებში, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შიდა კონსულტაციებისთვის იკრიბებიან.
როგორც ცნობილია, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის ფარული აუდიოჩანაწერია, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.
ეს მასალა "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის ცვლის მოთხოვნების ჩამონათვალს და, შესაძლოა, პუნქტებს დაემატოს კიდევ ერთი - ირაკლი ღარიბაშვილის სხვა კადრით ჩანაცვლება მოლაპარაკებების მაგიდასთან.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, პრემიერი მოლაპარაკების მაგიდასთან პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩაანაცვლოს.
"მე მივიჩნევ, რომ ღარიბაშვილი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იყოს და ჩაანაცვლოს თალაკვაძემ. მაგრამ, თუ ამას ქართული ოცნება გამოიყენებს მოლაპარაკების ჩასაშლელად, ასეთ შემთხვევაში, ამის საშუალებას ქართულ ოცნებას არ მივცემთ,"-აცხადებს ბურჯანაძე.
"გამარჯვებული საქართველოს" წევრისთვის, გურამ ჩალაგაშვილისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაანაცვლებს პრემიერს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პროცესებში მონაწილეობის მორალური უფლება აღარ აქვს.
"დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა ის, თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუ ვინ იქნება ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი 16 მარტს. რაც შეეხება, მაგიდის მეორე მხარეს ვინ იდგება, ამას, ჩემი პირადი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ის ადამიანი იქ არ მოდის - ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ღარიბაშვილი იჯდება იქ, მდინარაძე, თალაკვაძე თუ კობახიძე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, მგონი, ღარიბაშვილს არანაირი მორალური და ზნეობრივი უფლება არ აქვს, საერთოდ გამოჩნდეს მედიასთან და რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოოს,"-აცხადებს ის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძეც ეთანხმება კოლეგებს და მიიჩნევს, რომ ფარულმა ჩანაწერებმა პოლიტიკურ მოცემულობაში მორალური კლიმატი შეცვალა, რაც აუცილებლად უნდა აისახოს მოლაპარაკების პროცესზე.
"ჩანაწერებმა შეცვალა გარკვეული მორალური კლიმატი არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ეს ცალსახაა, ამიტომ, ეს მოლაპარაკებებზეც აისახება. ეს ვინმეს მოწონს თუ არა, ეს რეალობაა, რადგან იქითა მხარე არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, არის ტერორისტი ორგანიზაცია, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი საზოგადოება და და გელაპარაკება ძალის ენით. ამიტომ, ამ, რეალობის არ გათვალისწინება მოლაპარაკების პროცესში, სწორი არ იქნება,"-აცხადებს ფოფხაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი აქცენტს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე აკეთებს.
"ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს მოლაპარაკებას, რადგან ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც ზრდის რისკებს რუსეთისგან, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდეს რაღაც პროვოცირება პროცესების. ამიტომ, ჩვენთვის, "სტრატეგია აღმაშენებლისთვის", მთავარია, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს კრიზისი და ყველა ერთად გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს,"-აცხადებს მანჯგალაძე.