პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს მოლაპარაკების შედეგით დასრულება არ სურს.
მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით დასრულებისთვის, ყველა განსახილველი საკითხის შეჯერებისთვის მზადაა.
"სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს განსახილველი მოლაპარაკების პროცესში, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად გვქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებებზე. თუმცა, კვლავაც იკვეთება საფუძველი იმის ვარაუდის, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს მოლაპარაკებებთან მიმართებაში და პირიქით - მოქმედებდნენ დესტრუქციულად. როდესაც ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს იპოვოს მიზეზი იმისთვის, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს ძალიან მარტივია. თუმცა, რამდენად დამაჯერებელი იქნება და როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, ეს დროის საკითხია,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.