ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას დამატებით მოთხოვნებს არ წაუყენებენ და მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზს არ მისცემენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ "ოცნება" მოლაპარაკებებში საკუთარ წარმომადგენელს შეცვლის, თუმცა ამ საკითხზე ულტიმატუმის დაყენებას არ აპირებენ.
თუ "ქართულ ოცნებას" სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს პოლიტიკური ფიგურა, რადგან ღარიბაშვილი არის სრულად მიუღებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, მათ მივცეთ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც დატოვა ბატონმა მიშელმა, აუცილებლად შესრულდება,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
იგივე პოზიცია აქვს "ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგა ბოკერიასაც.
"სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში ნორმალური განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე არ იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია ოპოზიციაში იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, რომ ჩვენ არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა, თუ აქამდე მივა საქმე. რა ფორმით იქნება ეს, ამაშიც გვექნება ერთმანეთში კონსულტაციები,"-აცხადებს გიგა ბოკერია.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესის შეწყვეტა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სურს.
"არ არის არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ არის მომხრე, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და არ მივცეთ არანაირი საბაბი, მათ შორის, არანაირი წინაპირობის დაყენებით, იმისთვის, რომ არ შედგეს და არ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიმარჯვოს და შედგეს შეთანხმება,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციის მიზეზით არ უნდა ჩაიშალოს.
"მოლაპარაკებები არ უნდა ჩაიშალოს არცერთ შემთხვევაში, მით უფრო ოპოზიციის გამოისობით და ოპოზიციის მიზეზით. ამიტომ, ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ თუ ხელისუფლებას მართლა უნდა, მოლაპარაკებები მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, უნდა შეცვალოს ღარიბაშვილი და მის ნაცვლად გამოგზავნოს თალაკვაძე ან ვისაც თავად გადაწყვეტს,"-აცხადებს ბურჯანაძე.
მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით კოლეგების აზრს ეთანხმება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც.
"განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, რაც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება. რეჟიმი უკვე კუთხეშია მომწყვდეული და მათთვის ახლა მოლაპარაკების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით იქნება ხსნა,"-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ერთიანი სხდომა მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებების პროცესიდან ჩამოშორების და სხვა კადრით ჩანაცვლების საკითხი განიხილებოდა.
საკითხის განხილვის მიზეზი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.