17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
იმოქმედებს თუ არა გავრცელებული აუდიოჩანაწერი პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე - ოპოზიციის პოზიცია და "ლელოს" ულტიმატუმი

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მზადაა დიალოგის მაგიდას ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირაც მიუჯდეს. პოზიციას იზიარებს გიგი უგულავაც, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, დიალოგის პროცესიდან ღარიბაშვილის ჩამოშორებას ითხოვდა. ოპოზიციის ამ ნაწილისთვის კომპრომისის წინაპირობას კვლავ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი წარმოადგენს.

პატიმრების გათავისუფლების საკითხს იზიარებს ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილიც, თუმცა მათთვის კომპრომისული შეთანხმების წინაპირობა, შესაძლოა, პლებისციტიც გახდეს. პოლიტიკური ლიდერების განმარტებით, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ნებისმიერი მოდელი მისაღებია - პლებისციტი კი, ამ კუთხით, შეიძლება ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცეს.

კოლეგებისაგან აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს "ლელოს". პარტია ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას არ იზიარებს და კონსულტაციების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობას გამორიცხავს. 

სხვა ბარიერგადალახული პარტიებისგან სრულიად საწინააღმდეგოა "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ პლატფორმაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას თანაბრად აკისრებს.

დიალოგს უალტერნატივოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში. თუმცა, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის არაერთგვაროვანი განცხადებები მოლაპარაკებების მიზანმიმართული ჩაშლის მცდელობაა. "ქართული ოცნება" ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტის იდეას სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს და ოპონენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შექმნილი დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმებას სთავაზობს. 

შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას, ჯერჯერობით, ისევ უცნობი რჩება. ორივე მხარე კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა კვლავ რჩება ე.წ. წითელი ხაზები, რომელიც როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის უკვე რამდენიმე თვეა უცვლელია.

დღის ამბები