17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ შარლ მიშელის წარმომადგენლის ჩამოსვლა მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობა გახდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის. კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დიალოგში ჩაერთვება.

შარლ მიშელის წარმომადგენლის ჩამოსვლას, ოპოზიციაში იმედიანად უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობა შესაძლოა გახდეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავისი პოლიტიკური ნება ნათლად დააფიქსირა.

"ახალი მექანიზმი უკვე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სახით, აუცილებლად უზრუნველყოფს მოლაპარაკების პროცესის წარმატებას. ჩვენი ევროპელი კოლეგების მოლოდინია, რომ ორივე მხარე გამოიჩენს რაციონალურ მიდგომას. ოპოზიციამ თავისი პოლიტიკური ნება ძალიან ნათლად დააფიქსირა, ხელისუფლებაც თუ მსგავს კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, არსებობს შანსი ეს მოლაპარაკებები დასრულდეს კონკრეტული შედეგით," - აცხადებს"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების ჩასაშლელად არანაირ საბაბს არ მისცემენ.

"ჩვენ, "ევროპული საქართველო", ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ", ვერანაირი ჩანაწერი ვერ გამოიყენოს მოლაპარაკებების ჩასაშლელად. ოპოზიციის ამოცანაა რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულებების გარეშე დროული მისვლა," - აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი.

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებას არ ჩაშლიან.

"ოპოზიცური პარტიები არანაირი მიზეზით არ ჩაშლიან მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი იყოს, ეს უკვე "ქართული ოცნების" პრობლემაა. მზად ვართ ურთიერთ კომპრომისებისთვის. ახლა, ჯერი "ქართულ ოცნებაზე,"- ამბობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

"ლელო" საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ძალიან მაღალი კალიბრის ფიგურა ჩარია.

"ვხედავთ, თუ რა სწრაფად მოქმედებს ევროპული კავშირი. მათ ჩვენთან ძალიან მაღალი კალიბრის ფიგურა მოავლინეს იმისათვის, რომ პირადად ჩაერთოს ამ კრიზისის ჩართვაში. ჩვენ ამ ფორმატისადმი ერთგულებას ვაცხადებთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების მასში მონაწილეობას, იქ, სადაც პოტენციურად არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ძალადობაში პრემიერი არის ჩართული, ჩვენი ადგილი ვერ იქნება," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები