საერთაშორისო პარტნიორების წერილს, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან ეხმაურებიან, გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მოწოდებები გასათვალისწინებელია და მხარეებმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს, იმისათვის რათა პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.
"პარლამენტში შესვლა შეთანხმების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს საპარლამენტო კედლებში, მაგრამ რასაკვირველია ამას სჭირდება შესაბამისი წინაპირობები, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან და პირველ რიგში ეს ნაბიჯი არის პოლიტიკური დევნის დასრულება,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, წითელ ხაზებზე საუბარი აღარ უნდა იყოს. მისი თქმით, თუ მხარეებს ქვეყანაზე გული შეტკივათ, შეთანხმების წერტილი უნდა გამოინახოს.
"მე მგონი ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ წითელ ხაზებზე. არც მე არ უნდა ვილაპარაკო წითელ ხაზებზე, არც სხვამ არ უნდა ილაპარაკოს წითელ ხაზებზე. იმიტომ რომ თუმდაც ასეთი რიტორიკა და ასეთი ლაპარაკი უკვე ნელ-ნელა მეპარება ეჭვი რომ შეიძლება საერთოდ არ ჯდებოდეს ჩვენი მეგობრების ინტერესებშიც ჩვენთან დაკავშირებით. ამიტომ, მე მგონი უნდა შევარბილოთ რიტორიკა და უნდა ვეცადოთ აქამდე არსებული წითელი ხაზები იყო თუ რაც იყო, ამათ გადავაბიჯოთ და შეთანხმების ადგილი ვიპოვოთ, თუ გული შეგვტკივა ამ ქვეყანაზე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ თუკი არ განიმუხტა ვითარება, არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, შესაძლოა ქვეყანამ დასავლელი მოკავშირეები დაკარგოს.
"თუ ჩვენ დღეს არ გავითვალისწინეთ ჩვენი უცხოელი მეგობრების, მედიატორების აზრი, არ განვმუხტეთ სიტუაცია, არ გავათავისუფლეთ პოლიტ პატიმრები, არ წავიდა პროცესი ახალი თავისუფალ, სამართლიან პირობებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი დასავლელი მოკავშირეები და ადვილი ლუკმა გავხდეთ რუსეთისთვის,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
საქართველოს უცხოელი მეგობრები მოუწოდებენ უპირველესად ხელისუფლებას, იზრუნოს კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით.
წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ მხარეთა საერთო მიზანი მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლის ნებას გამოხატავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი წინ წასწევს ქვეყანას.