საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 15-17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და აღნიშნა, რომ მიესალმება კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს.
"15-17 მარტს მივემგზავრებით ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში და ნატოში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში.
ასევე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის ბატონ კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას.
ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს და აქვე, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, იმისთვის, რომ ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა ნორმალური მუშაობა დაიწყოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხელმძღვანელოთ პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.