17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
პროვოკაციული განცხადება, რომელიც ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია - დავით ზალკალიანი ნარიშკინის განცხადებაზე

პროვოკაციული განცხადება, რომელიც ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შესახებ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მოსკოვს არ მოსწონს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და პროვოკაციული განცხადებებიც ამას უკავშირდება.

"ეს არის პროვოკაციული განცხადება, ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე და მათ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები და როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რამდენიმე დღის წინ ნარიშკინმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან "ქართული ოცნების" კურსის გამო, ისინი ოპოზიციის დახმარებასა და "ქართული ოცნების" პოზიციების შერყევას აპირებენ. 

დღის ამბები