გადამწყვეტი მატჩი - ზუსტად ერთ საათში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ - რობერტო ბაუტისტა აგუტს Qatar Open-ის ფინალში შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი - ქართველ ჩოგბურთელს 3:1-ს უგებს. დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და ასი ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ტურნირის პარალელურად გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან კიდევ ერთხელ გააქტიურდა ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო საქმის საკითხი. როგორც ცნობილია, გასულ წლის 21 მაისს ცნობილი ჩოგბურთელი ოჯახში ძალადობის გამო იყო დაკავებული და 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა მოუწოდებს ყველა მხარეს რომ მნიშვნელოვანი მატჩის წინ თავი შეიკავონ მძიმე კომენტარებისგან
"ნებისმიერი კომენტარი და რეპორტი რაც მსოფლიო ჩოგბურთის საიტზე ან ფეისბუქგვერდზე იწერება ის შემდეგ მოწმდება ნიკასთან და უქმნის დისკომფორტს, ფსიქოლოგიურად ძნელია თან ჩოგბურთზე თან სოციალურ მედიაზე კონცენტრაცია.მოვუწოდებ ორივე მხარეს მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ამ ბულინგისა და მძიმე კომენტარებისგან თავი,"- აცხადებს თენგო ბასილაშვილი.
ვეტერანი ჩოგბურთელი ლეილა მესხი ამბობს, რომ სპორტისთვის მძიმე წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება, სტიმულია არა მხოლოდ ქართველი ჩოგბურთელებისთვის, არამედ ყველა სპორტსმენისთვის
"ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სტიმულია ქართველი ჩოგბურთელებისთვის, ყველა სპორტსმენისთვის, იმიტომ რომ ძალიან რთული წელი იყო და ამ პირობებშიც ძალიან რთულია თამაში,როდესაც მაყურებელი არაა," - განაცხადა ლეილა მესხმა.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის შეფასებით ნიკოლოზ ბასილაშვილი კარგად არის მომზადებული როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურადაც:
"ნიკას ძალიან რთული წელი ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფორმას, ფიზიკურად არის ძალიან კარგად მომზადებული, რამდენადაც ვატყობ ნერვული სისტემაც ძალიან დალაგებული აქვს. ძალიან სწრაფად თამაშობს და ხარისხიან ჩოგბურთს გვანახებს,"- აღნიშნა ალექსანდრე მეტრეველმა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი