ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს "ფეისბუკზე" ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის და ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში.
"როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით, კოვიდის კრიზისისა და რეფორმების უწყვეტი საჭიროების გამო, საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა საკანონმდებლო ორგანომ შეძლოს გამართული ფუნქციონირება. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და შეეღთებული შტატების შუამავლობის მცდელობებს, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს," - წერს სოციაულურ ქსელში ჯეიმს აპატურაი.