17 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
არ მიმაჩნია სწორად, გაყალბებულ არჩევნებში ითხოვდე დაფინანსებას, როდესაც არ შემოდიხარ პარლამენტში - ლევან იოსელიანი

ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნული კანონპროექტის არადემოკრატიულობა. საუბარია კანონპროექტის იდეაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პარტიებს დაფინანსება შეუწყდეთ.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი დაიბლოკება და მიღებული არ იქნება. 

"ვენეციის კომისიის დასკვნა არის პროფესიული, სამართლიანი და პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვა "ქართული ოცნების" სურვილს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასასჯელად მომზადებული კანონპროექტი მიეღო. საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირების გამო, პარტიული დაფინანსება შეეწყვიტა პარტიებისთვის. ცალსახად ითქვა, რომ ეს არის არა დემოკრატიული კანონპროექტი, რომელიც დემოკრატიის განვითარებას არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკულად, ეს კანონპროექტი დაბლოკილია და აღარ იქნება მიღებული,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიული დაფინანსება ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემაა. 

"მაშინვე გავაფრთხილეთ, რომ მსგავსი ტიპის კანონმდებლობის ცვლილება ასეთ კრიზისულ ვითარებაში აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა, რაც დადასტურდა კიდეც ვენეციის კომისიით. თუმცა, გირჩის პოზიცია, როგორც პარტიის პოზიცია, საერთოდ გულისხმობს, რომ პარტიული დაფინანსება არის მთავარი პრობლემა ქართული პოლიტიკის,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ პარტიებს უნდა გააჩნდეთ თავიანთი საბაზისო დაფინანსება. 

"ის, რომ დეპუტატმა მიიღოს ხელფასი იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ დადის პარლამენტში, ამის ნამდვილად წინააღმდეგი ვარ. პარტიების ნაწილში, აქამდეც ვამბობდით, რომ სანქცირების მომხრე არ ვართ, პარტიებს უნდა გააჩნდეთ თავისი საბაზისო დაფინანსება, მაგრამ ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად გაყალბებულ არჩევნებში ითხოვდე დაფინანსებას, იმ პირობებში, როდესაც არ შემოდიხარ პარლამენტში,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი. 

ვენეციის კომისია არ ეთანხმება იმ კანონპროექტის იდეას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა პარტიებს დაფინანსება შეუწყდეთ. ამის წინაპირობად ”ქართული ოცნება" განიხილავს პარლამენტის სხდომების დიდი ნაწილის გაცდენას. კანონპროექტის ეს ნაწილი, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, არაპროპორციულია.

დღის ამბები