სენატში გაჟღერებული გზავნილების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. დავით ზალკალიანი თვლის, რომ საზოგადოებისთვის ხელისუფლების კომპრომისი ნათლად ჩანს, მაშინ, როდესაც მეორე მხარე კომპრომისად მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობას თვლის.
"როდესაც ქვეყანა, ხელისუფლება, მთლიანად საზოგადოება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უნდა იყოს კონცენტრირებული იმ გამოწვევებთან, რაც არის პანდემიასთან და ეკონომიკის აღორძინებასთან, ბუნებრივია არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. არანაირ სანქციებს არ ველოდები," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეფასებებს აკეთებენ პარლამენტარებიც. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად კრიტიკული განცხადებებისა, მკაფიოდ დავინახეთ, რომ შეერთებული შტატების სახით საქართველოს ერთგული მოკავშირე და მეგობარი ჰყავს.
"კრიტიკულები იყვნენ ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მიმართაც, მაგრამ დავინახეთ, რომ ჩვენ შეერთებული შტატების სახით ისევ გვყავს ერთგული მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც რჩევები მოგვცა შეთანხმების აუცილებლობასთან და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალიან მკაფიოდ გაკეთებულმა განცხადებებმა გააქარწყლა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით თითქოს და "ქართული ოცნება" საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებს.
"გამოვყოფდი რამდენიმე გზავნილს, პირველ რიგში ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ძალიან მკაფიოდ გაკეთებული განცხადება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება 2012 წლიდან ერთგულად მიუყვება ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზას და ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დააანონსა, რომ 2024 წელს ისინი განაცხადს შეიტანენ ევროკავშირში წევრობაზე," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სენატში საბოლოოდ გაეცა პასუხი ნიკა მელიას საკითხს და ყოველგვარი კითხვის ნიშანი პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით მოხსნილია.
"მეორე ნარატივი, რომელსაც ასევე მკაფიოდ გაეცა პასუხი აშშ-ის სენატში გახლავთ ის, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ თითქოს საქართველოში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ეხებოდა ნიკა მელიას, რომელთან დაკავშირებით პირდაპირ ითქვა, რომ მან დაარღვია კანონი, შესაბამისად ყოველგვარი კითხვის ნიშანი პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით მოხსნილია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.