ევროპელი მედიატორის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე - ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ბრძოლის ტაქტიკას უწუნებენ. 9 ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა რა შემთხვევაში შევა პარლამენტში.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "სტრატეგია აღმაშენებელმა" და შექმნილ ვითარებაში მსგავსი შინაარსის წერილის გამოქვეყნებას ტაქტიკური შეცდომა უწოდა.
დიალოგში ჩართულ მხარეებს ჩიხიდან გამოსვლის კომპრომისული ვერსია შესთავაზა დღეს "გირჩმა", პარტიას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებამ კი პატიმრების საკითხი უნდა დათმოს.
მთავარი მომლაპარაკებელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს 23 საათსა და 45 წუთზე ჩამოვა. ახლა ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, მისი ვიზიტი გეგმის თანახმად ჩაივლის, თუ დიპლომატს კვლავ ვადაზე მეტხანს მოუწევს დარჩენა ქვეყანაში, სადაც ხუთი თვეა პოლიტიკური კრიზისია. ჩიხიდან ვერც პარტნიორების მედიაციამ, და ვერც მედიატორობამ გამოგვიყვანა.