როგორია პოლიტიკური პარტიების პოზიციები ევროპელ მედიატორთან განმეორებითი შეხვედრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, შეიცვლება თუ არა რამე ხვალ მოლაპარაკების მაგიდასთან 9 დღიანი პაუზის შემდეგ - ამ 9 დღეში კი ბევრი რამ მოხდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გზავნილები იყო, რომელიც ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღეს, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და რომ პოლიტიკოსებმა ხალხის და ქვეყნის ინტერესები პარტიულზე მაღლა უნდა დააყენონ.
მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე კი 9 ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში, ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "რესპუბლიკურმა" პარტიამ იმ არგუმენტით, რომ შეთანხმების სივრცე არ უნდა შემცირდეს.
კომპრომისული ვერსია აქვს "გირჩსაც" - პარტია თვლის, რომ ოპოზიციამ ვადამდელი, ხელისუფლებამ კი პატიმრების საკითხი უნდა დათმოს.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით მეტი იმედები გააჩინა იმისა, რომ შესაძლებელია მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგეს და რომ კომპრომისი პოლიტიკაში სისუსტის ნიშანს არ წარმოადგენს.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებისგან კომპრომისს ჯერჯერობით ვერ ხედავენ არა თუ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე, არამედ შედარებით იოლ თემებზეც კი.
"საჯაროდ განცხადების დაფიქსირება მოდერატორისადმი მათ შორის არ მიგვაჩნია სწორად მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე.
"ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რაღაცას რომ ჩაშლის, მერე ჩვენს მიერ დადებულ რაიმე დოკუმენტს დააბრალოს," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ მოხდება პოზიციების დაახლოება და აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად კომპრომისზე წავიდეს.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია - "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მათ უკვე გადადგეს შემხვედრი ნაბიჯები ოპოზიციასთან და გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმირების სისტემის დაწყებაში გამოიხატა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ამის მოთხოვნის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ მათ არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ აქვთ.
მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმაზე თუ რა შეთავაზებებით მიდიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ამბობენ იმას, რომ მათ აქვთ გარკვეული სიახლეები, რომლებმაც ოპოზიცია და ხელისუფლება გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მიიყვანოს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტებთან მხოლოდ სამართლიანობის პრინციპის დაცვით მიღწეულ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.