17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
მზადება ევროპული მედიაციის მეორე ტურისთვის - იქნება თუ არა კომპრომისი, რა წინადადებებით მივლენ მხარეები ხვალ ევროკავშირის ოფისში

ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში კრისტიან დანიელსონი სწორედ კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს - მედიაციის დაწყებამდე შვედი დიპლომატი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს შეხვდა.

ევროპელი მედიატორის საქართველოში დაბრუნებას დასავლელი პარტნიორების პოზიტიურ გზავნილად აღიქვამს ოპოზიცია, სადაც დღეს ტერმინს "წითელი ხაზი" აღარ ახსენებენ. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებმა მოლაპარაკებების დაწყებამდე იმ საკითხთა ნუსხა გაავრცელეს, რისი დათმობის შემთხვევაშიც "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

"რესპუბლიკური პარტია", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი" - ეს საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი იმ პარტიების ჩამონათვალია, ვინც ოპოზიციის ერთიან განცხადებას არ შეუერთდა. 

დანიელსონის მეორე ვიზიტს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებს "ქართული ოცნება". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კომპრომისისთვის მზად არიან, თუმცა სამართლიანობის პრინციპის დაცვით. "ოცნება" ამომრჩევლის ნების რევიზიას ვადამდელი არჩევნების საშუალებით არ განიხილავს. 

საქართველოში უკვე მეხუთე თვეა პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. შედგება თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის მედიაციით პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

დღის ამბები