17 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
კრისტიან დანიელსონი, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას დღეიდან იწყებს

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ განახლებული მოლაპარაკებები - უცვლელი მისიით საქართველოში დაბრუნებული კრისტიან დანიელსონი, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას დღეიდან იწყებს.

დასავლელი დიპლომატები კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოებას და მათ შეთანხმებამდე მიყვანას. პარტიებთან შეხვედრამდე, დილის 9 საათისთვის დანიელსონს აუდიენცია დაგეგმილი ჯერ ირაკლი ღარიბაშვილთან, მოგვიანებით კი - სალომე ზურაბიშვილთან აქვს.

გუშინ დღის ბოლოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდა.

აუდიენციის შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში დანიელსონმა განაცხდა, რომ მათ აქვთ პარტიებისთვის შესათავაზებელი წინადადებები, თუმცა კომპრომისი პოლიტიკოსებმა თავად უნდა გამონახონ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პარტიებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები, რაღაც იდეები, რომელსაც შევთავაზებთ მათ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პარტიებმა უნდა გააკეთონ და პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი, ჩვენ ამ საკითხში მათ დავეხმარებით.

თქვენ იცით იმ 6-მუხლიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ, ასევე, ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და არჩევითი სამართლის საკითხებზე და ამ კონტექსტში განვიხილავთ საკითხებს.

აქ არსებითია - სტრუქტურული რეფორმები, რომლის საქართველოში გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ასევე, ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედებების სხვადასხვა საკითხში, ასევე, რა თქმა უნდა, არჩევნებთან მიმართებაში. ზუსტად ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის ამ 6-პუნქტიან გეგმაში არის განსაკუთრებით ხაზგასმული მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და კანონმდებლობა არჩევნებთან დაკავშირებით," - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

დღის ამბები