17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
შეთანხმება ვერ შედგა - მხარეებმა კრისტიან დანიელსონის შეთავაზება არ მიიღეს

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. რამდენიმესაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დიალოგის პროცესში მედიატორის როლის შემსრულებლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მან მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის კონკრეტული დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა მოლაპარაკების არცერთმა მხარემ ეს დოკუმენტი არ მიიღო. 

"დღეს დავასრულეთ მეორე მედიაციის მისია საქართველოში. ვიქნები ძალიან მკაფიო - არსებობს გადაწყვეტა კრიზისის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ვადამდელ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გაბედულებას. მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკურ პარტიებთან. 

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო ელემენტები, რომელზეც იყო მიღწეული თანხმობა, ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები, ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და მხარეები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისი, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. სამწუხაროდ, მაგიდასთან არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ 2 დღის განმავლობაში, ის გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება გადადგმული," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კრისტიან დენიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად გამართულ დიალოგის პროცესში მედიატორის ფუნქციით ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი იყო ჩართული. შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები საქართველოში - კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. 

დღის ამბები