17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"საპანიკოს ვერაფერს ვხედავ" - ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზებსა და გაჯანსაღების პირობებს ასახელებენ

ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ 3 თეთრით გაუფასურდა. ერთი ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 3.44-ია. ეს ეროვნული ბანკის მონაცემებია, რომელიც დღის ბოლოს გამოქვეყნდა. განსხვავებულია დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ლარის დასტაბილურებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაჯანსაღება და ასევე, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა. 

"ლარის დასტაბილურებას ეკონომიკის გაჯანსაღება ესაჭიროება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის საკითხი იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი, რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, მისი შეფერხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ არსებობს მოკლე პერიოდში იმაზე უკეთესი ინსტრუმენტი, ვიდრე ვაქცინაცია," - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

ამასთან, ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ ლარის კურსზე გარე ფაქტორები მოქმედებს, მაგალითად ის, რომ თურქეთში ლირა საგრძნობლად გაუფასურდა და ამან ლარზე გადმოცემის უნარი ჰპოვა. 

"ლარის კურსზე გარე ფაქტორები მოქმედებს, როგორიც არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები - თურქეთი და რუსეთი. თურქეთში ლირა გაუფასურდა, ამას კი ლარზე ყოველთვის აქვს ხოლმე გადმოცემის მექანიზმი. ეროვნული ბანკი ამ დღეებში ატარებს ძალიან სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ასევე მკაცრია მთავრობის მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკა. ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისზე მეტი რეზერვი, რამდენიმე მილიარდი დოლარი და კიდევ ელოდებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ამ რეზერვების შევსებას. ასე რომ, შიგნით რაღაც ფაქტორები არ მოქმედებს ლარის კურსზე და საპანიკოს ვერაფერს ვხედავ," - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

დღის ამბები