საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგის შეთანხმების გარეშე დასრულებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება აღარ აპირებს დროის კარგვას ოპოზიციის ახირებებზე:
"რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მსოფლიო, აღიარებს 2020 წლის არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, თუმცაღა გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე და დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ ხალხს და ქვეყანას აწუხებს, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად.
ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიატორის დოკუმენტში, ჩვენ გვქონდა შემხვედრი პოზიცია, კომპრომისული, ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ოპოზიცია შეთანხმება არ სურდა და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ე.წ კრიზისი, რომლის მთავრ პრობლემად წარმოჩენასაც ცდილობენ, თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.