უკვე მეორე დღეა დედა სოსანა და მორჩილი ნინო წმინდა ნინოს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. მონაზვნებს, რომლებიც წლებია ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობენ, შესვლა მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯაშვილმა ისინი მონასტრიდან გარიცხა, მიზეზად კი საეკლესიო წესების უხეში დარღვევა დაასახელა და სინანულისთვის ლენტეხის ერთ-ერთ მონასტერში განაწესა.
მეუფის ამ გადაწყვეტილებას დედა სოსანა წინა დღეს თბილისში, პეტრე ცაავას დაორგანიზებულ აქციაზე ყოფნას უკავშირებს. მონაზონი გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მეუფე სტეფანესთან შეხვედრას ითხოვს.
პროცესებს, რომელიც ჭყონდიდში მიმდინარეობს, აქტიურად ადევნებს თვალს "ქალთა მოძრაობა". ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დედა სოსანას მიმართ უფლებები დაირღვა, სწორედ ამიტომ მათ საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საპატრიარქოში მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მონაწილეობით მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიის სხდომა გაიმართა. კომისია დღეს სწორედ მის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს განიხილავდა. სხდომამ დაასკვნა, რომ მღვდელ-მონაზონის გამონათქვამები მღვდელმსახურებიდან მის განკვეთას ექვემდებარება.
მღვდელმონაზონი ანდრია სარიას განკვეთის საბოლოო გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს. კომისიის დასკვნა ილია მეორეს უკვე გადაეგზავნა.