17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
როგორია საქართველოს მოქალაქეების განწყობა - IRI 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეროვნული მასშტაბის პირველ კვლევას აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებულ პირველი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა 5 თვეა საპარლამენტო ბოიკოტისა და პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში ცხოვრობს, ოპოზიციის გადაწყვეტილებას გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 60 პროცენტი არ ემხრობა. თანაბრად იყოფა იმ მოქალაქეების აზრი, ვინც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე და მოწინააღმდეგეა. 

IRI შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე პარტიული რეიტინგებითაც დაინტერესდა. კვლევის მიხედვით, ლიდერობას კვლავ "ქართული ოცნება" 35 პროცენტით ინარჩუნებს. მმართველ პარტიას 17 პროცენტით ჩამორჩება "ნაციონალური მოძრაობა". ყველა დანარჩენი პარტიის რეიტინგი კი 3 ან 3 პროცენტზე დაბალია.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 53 პროცენტი არჩევნებს დემოკრატიულად მიიჩნევს, საწინააღმდეგო პოზიცია კი 19 პროცენტს აქვს. ანგარიშში საუბარია ხმის მიცემის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხზეც.

სოციოლოგიური კვლევა არჩევნების შემდგომ პოლიტიკური და საჯარო ფიგურების რეიტინგსაც ასახავს. ნდობისა და მხარდაჭერის 89 პროცენტიანი მაჩვენებლით ტრადიციულად პატრიარქი ილია მეორე ლიდერობს. მას გამოკითხვის დროს ჯერ კიდევ პრემიერმინისტრის პოსტზე მყოფი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსდევენ.

პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, მოქალაქეებისთვის მთავარ გამოწვევად საქართველოში მსოფლიო პანდემიის ფონზე არსებული ეკონომიკური გამოწვევები სახელდება. 

ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით კვლავ მაღალია მთავრობის მოქმედების მხარდაჭერა. COVID-19-ის პრევენციისთვის აუცილებელ ქმედებებს და მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტებს დამაკმაყოფილებლად 59 პროცენტი მიიჩნევს.

დღის ამბები