აფგან მუხთარლი საქართველოშია. გატაცების შემდეგ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყანაში პირველად შემოვიდა. ის ოქტომბერში პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებდა, თუმცა მისი ინფორმაციით, მაშინ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.
აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და მეორე დღეს, აზერბაიჯანში აღმოჩნდა. მუხთარლის გატაცების საქმეს საქართველოს პროკურატურა 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს. აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, მას სურს გამოძიებას საკუთარი უდანაშაულობა აჩვენოს და საქართველოში ჩამოსვლაც სწორედ ამას უკავშირდება:
"მას სურს აჩვენოს საკუთარი უდანაშაულობა გამოძიებას, ის გამოძახებული იყო პროკურატურის მიერ, მე მასთან ერთად საქართველოში არ ვიმყოფები, ის მარტო ჩამოვიდა. გასული წლის ივლისში მისმა ადვოკატმა პროკურატურას მიმართა, რომ აფგანს სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანომ კი თანხმობა განაცხადა საქართველოში ნებისმიერ დროს მის ჩამოსვლაზე თუმცა ერთხელ აფგანი საზღვარზე არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეც საქმის კურსში იმყოფებოდა. ახლა საქართველოშია, პირველ რიგში ადვოკატს შეხვდება და ამის შემდეგ დაიწყებს გამოძიებასთან თანამშრომლობას,"- აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.