"გირჩი" ხვალ ახალ სამოქმედო სტრატეგიას გაასაჯაროებს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ინიციატივა და ამ წინადადების მიხედვით, აპირებენ სადისკუსიო თემის შეცვლას.
"გირჩში" მიიჩნევენ, რომ მათი შეთავაზება, პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.
"დავაკვირდებით დღეს როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ვიცით, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ორივე მხარის მხრიდან და სავსებით შესაძლებელია, ცვლილებები მოხდეს. მაგრამ, თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ, მაშინ ეს გეგმა ამოქმედდება. ამ გეგმის მიზანი არის, რომ იმ პოლიტიკურ ჭაობში, სადაც ვიმყოფებით, რამენაირად პოლიტიკური ცხოვრება დავაბრუნოთ და, ამავდროულად, არ დავიკავოთ არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარე, რომ არ დავამძიმოთ ეს დაპირისპირება,"-აცხადებს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიესალმებიან ყველანაირ ინიციატივას, თუ ეს პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს, თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ მათი შეფასებით, ამ ეტაპზე, ამის პერსპექტივას ვერ ხედავენ.
"თუ ვინმეს აქვს რაიმე ტიპის გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს, ჩავერთოთ მოლაპარაკებებში, იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებებიც და პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ შეთანხმებით. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ ამის გაკეთება შეუძლია, შეუძლია ასეთი ინიციატივა წარმოადგინოს, ამას ორივე ხელით მივესალმებით, უბრალოდ, ამ წუთას ამის პერსპექტივას ვერ ვხედავთ,"-ახადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.
"ევროპულ საქართველოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ ისინი დიალოგის გაგრძელებას მიესალმებიან, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებასა და შემხვედრ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.