შედგება თუ არა მომდევნო კვირას მოლაპარაკების მორიგი რაუნდი - პარტიების ნაწილს ინფორმაცია არ აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნებისმიერ დროს მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რაშიც არ იგულისხმება ვადამდელი არჩევნები.
"ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ცალსახად აღიარებენ ამ არჩევნებს, როგორც კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულ, თავისუფლების ძირითადი პრინციპებით დაცულ არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუკი მელია გადაიხდის გირაოს, ჩვენი მზაობა იყო იმისა, რომ თუკი შეთანხმება შედგებოდა და მხარეები ხელს მოაწერდნენ, მიგვეღო დაჩქარებული წესით ამნისტიის კანონი, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ, ყველანაირ პასუხისმგებლობას მოხსნიდა. ველოდებით მათ კონკრეტულ შემოთავაზებებს, ჩვენი კარი ღიაა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი დიალოგისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ეს შეთანხმება იქნეს მიღწეული,"-აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე.