17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
"გირჩი" პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას მთავარი სადისკუსიო თემის შეცვლით აპირებს

"გირჩი" პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას მთავარი სადისკუსიო თემის შეცვლით აპირებს - ვინ შედის და ვინ არა საკანონმდებლო ორგანოში - ეს შეკითხვა პარტიის წევრების აზრით, დღეს მხოლოდ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკის კეთების საშუალებაა.

პოლიტიკური ცენტრი გეგმავს, რომ ქვეყანაში ძირითად განსახილველ თემებად მართლმსაჯულება, ეკონომიკა და საარჩევნო რეფორმა აქციოს. "გირჩში" ამბობენ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში ოპოზიციისა და ხელისუფლების პარტიულ ინტერესზე მორგებულმა ქმედებებმა მიიყვანა.

მედიაციის მესამე რაუნდს აანონსებს "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში შეთანხმება გარდაუვალია. პარტიაში არც კრისტიან დანიელსონის საქართველოში მესამედ დაბრუნებას გამორიცხავენ. პოლიტიკური ძალა კომპრომისის მისაღწევად საუბარს ე.წ. წითელი ხაზების გარეშე გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "ევროპული საქართველო" პროდუქტიული დიალოგის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტიკურ ძალებში შეთანხმებისთვის აუცილებელ საკითხად კვლავ ვადამდელ არჩევნებს და მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებენ.

ვადამდელი არჩევნების თემას დახურულად მიიჩნევს მმართველი პარტია. "ოცნებაში" ოპონენტებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ახსენებენ და ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. რაც შეეხება დიალოგს - "ქართულ ოცნებაში" პროცესის გასაახლებლად მზაობას გამოთქვამენ.

დღის ამბები