როგორია "გირჩის" გზა, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ვერ შედგება.
პარტიამ 7 მოთხოვნა "გირჩის" გაზეთში გამოაქვეყნა.
1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.
2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.
3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.
4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.
5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.
6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და
7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
თუ ამ მოთხოვნებიდან "ქართული ოცნება" ერთს მაინც სრულად დააკმაყოფილებს, "გირჩი" პარლამენტში შევა.
"გირჩის" მოთხოვნებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"ბარიერის და პროპორციული არჩევნების ნაწილი - ეს მოაგვარებს ჩვენს პოლიტიკურ პრობლემას, რომ აღარ იყოს ერთპარტიული მმართველობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევითი შერიფები - მოაგვარებს პოლიციის და მოქალაქეების ურთიერთობას. პოლიცია მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული და არა შს მინისტრზე. მოსამართლეების არჩევითობა - არა კლანზე ვიქნებით დამოკიდებული, არამედ ისევ ადამიანებზე. მოსამართლეს სტიმული გაუჩნდება, რომ რეპუტაცია შეიძინოს.
ჩემი ენერგია იქნება მიმართული იმაზე, რომ შესრულდეს - მულტი სავალუტო რეჟიმის პუნქტი, რომ ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება თვითონ აირჩიონ ფული, რომელიც მათთვის უფრო მომგებიანია. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი არის ჩვენი ქვეყნის სიღარიბის მთავარი მიზეზი," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"გირჩის" ინიციატივას უპასუხეს მმართველ პარტიაშიც. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, 7 პუნქტში შემავალი საკითხებიდან ნაწილის სერიოზულად განხილვა არ ღირს, თუმცა საკითხების ნაწილში შეეცდებიან იპოვონ საერთო წერტილები, რომელშიც შეიძლება მათი ხედვა გადაიკვეთოს:
"ამ შვიდი პუნქტიდან ყველა არ არის ისეთი, რაც შეიძლება სერიოზულად განსახილველად ღირდეს, თუმცა გამიჭირდება თქმა, რომ აპრიორი ყველა გამორიცხულია, როგორც განსახილველი საკითხი. ვფიქრობ, რომ საკითხი არასწორად არის დაყენებული, რომ ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ამ შემთხვევაში ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება კარგად გასაგები არ არის,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.