რას ფიქრობენ პარტიები "გირჩის" იმ გეგმაზე, რომელიც პარტიამ დღეს გაასაჯაროვა - იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგება, "გირჩი" აყენებს 7 მოთხოვნას. თუ აქედან ერთი მაინც შესრულდება, "გირჩი" პარლამენტში შევა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" არასწორად მიიჩნევენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების საპირწონედ სხვა მოთხოვნების წამოყენებას. გიორგი ბარამიძის თქმით, ვერცერთი თემა ვერ გაუთანაბრდება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას:
"იმ პუნქტებში არის ვადამდელი არჩევნები და ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია სხვა საკითხები, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი, გაუთანაბრდეს ამ ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. ცალკეული საკითხის საბაბად გამოყენება იმისთვის, რომ შევიდნენ ივანიშვილის მიერ ძალადობით და არჩევნების გაყალბებით შექმნილ სტრუქტურაში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ, ეს ბუნებრივია ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული,"- აცხადებს გიორგი ბარამიძე.
"ევროპულ საქართველოში" მიზანშეუწონლად მიიჩნევენ შარლ მიშელთან ერთად შემუშავებული პუნქტების გარდა სხვა პუნქტების გამოჩენას მოლაპარაკების პროცესში.
შეგახსენებთ, პარტიამ 7 მოთხოვნა "გირჩის" გაზეთში გამოაქვეყნა.
1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.
2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.
3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.
4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.
5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.
6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და
7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.