საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის დღესაც გუნდის სახელით აფიქსირებს, რომ მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა და "ქართული ოცნების" მხრიდან არსებობს მზადყოფნა დოკუმენტზე ხელმოწერისთვის:
"მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი ამბობენ, რომ არ მოვლენ მესამე რაუნდზე, რაც არ არსებობს, იმაზე როგორ არ მოვლენ, ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ მე გეუბნებით, რომ მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ კარი ღიაა. ჩვენი მხრიდან არსებობს მზადყოფნა დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს პრინციპული მზადყოფნაა და ველით, თუ ოპოზიცია თავის ბოლო გადაწყვეტილებას გადახედავს, ვფიქრობ, ეს მიღწევადია.
ამ მოლაპარაკებების ჩაშლა და ბლოკირება არის ოპოზიციის მხარეს. ნიკა მელიას და მისი თანაგუნდელების გაცხადებული მიზანი გახლავთ, რომ ის იყოს პატიმრობაში, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, გაკოტრებული, დესტრუქციული გეგმით რაიმე შედეგის მიღწევას. - განაცხადა არჩილ თალაკვაძეს.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში უკვე თითქმის 6 თვეა გრძელდება, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, რასაც მმართველი პარტია ეწინააღმდეგება. ოპოზიციის საკვანძო მოთხოვნა ასევე არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.