ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და "ტვიტერზე" ქვეყნისადმი მხარდამჭერ პოსტს საქვეყნებს.
"მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს! ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას!" - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გუშინ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა. შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო".