ამ წუთებში, ოპოზიცია სასტუმრო რუმსში იკრიბება. ეს არაოფიციალური ფორმატის შეხვედრაა, სადაც აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. ამნისტია, გირაო, თუ თავდებობა, - რა ფორმით დატოვებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს, ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურია.
"ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს "ლელოს" ინიციატივას, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ევროპარლამენტარები დაუდგნენ თავდებში, თუმცა, "ქართული ოცნება" განმარტავს, რომ ეს გზა შეთანხმების დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული.
"ამნისტიის შესახებ კანონი არ უნდა შეეხოს იმ პოლიციელებს, რომელებიც ძალადობდნენ 20 ივნისის ღამეს. ყველა იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელმაც შეთანხმებას მოაწერა ხელი, ახლა კეთილი უნდა ინებოს და პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმაზე, რომ იტვირთონ ეს ამნისტიის კანონი ისეთი იქნას მიღებული, რომელიც მისაღები იქნება, არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ნიკა მელიასთვის პერსონალურად, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომელიც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში იდგა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ის ამნისტიის კანონზე პასუხისმგებლობას იღებს.
პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით არ არის მართებული და ვემიჯნები ამას. მე როგორც ხელის მომწერი ვიღებ პასუხისმგებლობას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ვაპირებთ რომ მივიღოთ ამნისტიის კანონი, იმისათვის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი გათავისუფლდეს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.