ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გამართა. განხილვის მთავარ თემად ნიკა მელიას გათავისუფლების ფორმა რჩება. პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და მისი პოლიტიკური გუნდი ამნისტიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მელია საპატიმროდან არც გირაოს სანაცვლოდ გამოსვლას აპირებს.
"მინდა გამოვხატო იმედი, რომ შეთანხმების ხელშეწყობის შესრულების მიზნით "ქართული ოცნება" განიხილავს თავდებობის საკითხს პოზიტიურად. ნიკა მელიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება იმას, რომ ამ შეთანხმების შესრულება დაიწყოს რაც შეიძლება მალე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიციონერ შალვა შავგულიძის თქმით, არ არის გამორიცხული პარლამენტში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის განსხვავებული კანონპროექტები შევიდეს.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება ოპტიმალური ვარიანტი, თუ მას ამნისტია შეეხება და ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
გირაო არ ანაცვლებდა ამნისტიას, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. აღარ გვინდა დავუბრუნდეთ მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს მომავალში. გირაო ნიშნავს დროებით გამოშვებას ციხიდან, მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება მას მაინც შეაბრუნებდა ციხეში. ამიტომ მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება და ეს იყო პრინციპული პოზიცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პოზიციები არ შეჯერებულა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
"როგორც მახსოვს სამ პოლიციელზეა აღძრული საქმე და როგორც ჩანს, მათ ამნისტია შეეხებათ, თუმცა ჩვენ გვყავს დაზარალებულები, მათ შორის მაკო გომური, რომლის დაზიანებაში ჩართული პირები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამიტომ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი მომავალში არ მოიხსნება," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა.