დეპუტატებმა დღეს სუს-ის ყოველწლიური ანგარიში უნდა მოისმინონ - 2020 წლის მოხსენებით უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგება.
საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და გამოწვევად ამჯერადაც რუსეთის მხრიდან ოკუპაცია სახელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს უკანონო დაკავების 80-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
"უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით მოიცავდა პირველყოვლისა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას, რომ არა სამსახურის აქტიური ძალისხმევა ჩვენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვექნებოდა ბევრად უფრო მეტ შემთხვევასთან და ინციდენტთან, უკანონო დაკავებების ბევრად უფრო მეტ ფაქტთან, ბორდერიზაციის ბევრად მეტ შემთხვევასთან.
საქართველოში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არანაირი უკანონო მოსმენები და უკანონო თვალთვალი არ ხორციელდება," – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში დღეს მოწოდების სიმაღლეზეა და მთლიანად ფოკუსირებული არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
საკომიტეტო მოსმენა ამ წუთებში იწყება. ის, სავარაუდოდ, ნაწილობრივ დახურული იქნება.