17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
თუ ნიკა მელიას არ მოსწონს ამნისტიის აქტი, არ არის საჭირო მისი მიღება - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი ვახტან მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის შესახებ ჩანაწერი სპეციალურად ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად გაკეთდა.

შესაბამისად, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ თუ ნიკა მელიას არ მოსწონს არცერთი ფორმულირება ამ აქტის, მისი მიღება საჭირო არ არის. 

"ამნისტიის აქტი იმ შეთანხმებაში იყო ექსკლუზიურად ნიკა მელიას გამო და არა რამე სხვა მიზეზებით. შესაბამისად, ამავე დოკუმენტში წერია, რომ მხარეები, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს კონფრონტაცია, უნდა შევთანხმდეთ ფორმებზე, როგორ შეიძლება ნიკა მელია აღმოჩნდეს თავისუფლებაზე. არ მოსწონს ნიკა მელიას ეს აქტი ან მისი ფორმულირება? გავიგოთ, როგორი მოსწონს და როგორი იქნება მისაღები. მას მერე, რაც გავარკვევთ, თუ არაფერი არ არის მისაღები, საერთოდ საჭირო არ არის ამ ამნისტიის აქტის მიღება,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმების აქტში გათვალისწინებულია ე.წ. პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოხდეს ამნისტიით, რომელიც გავრცელდება 2019 წლის 20 ივნისის დანაშაულებზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და თავად მისი თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტიის მიღების წინააღმდეგნი არიან, რადგან, მათი პოზიციით, შედეგად არ უნდა მოხდეს დამნაშავე სამართალდამცველების შეწყალებაც. 

დღის ამბები