ოპოზიციის წევრები ამნისტიის კანონპროექტზე დახურულ კონსულტაციებს მართავენ. პარტიები ამ წუთებში "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში არიან შეკრებილები და მსჯელობენ, რა უნდა ჩაიწეროს და როგორი ფორმით უნდა დარეგისტრირდეს მათი პროექტი პარლამენტში.
"ამნისტირებული იყოს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა ის მუხლი, რომელზეც ამ ორი წლის მანძილზე მიმდინარეობს, ან მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც აქციის მონაწილეთა მიმართ, ისე - აქციის აღკვეთაში მონაწილე პოლიციელების მიმართ. ხელისუფლება გვთავაზობს, რომ ამნისტია გავრცელდეს ფაქტზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დანაშაულზე, ანუ 2 წლის მერეც რომ აღმოჩნდეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ვიღაცას რაღაც დაუშავა, ყველა ესე ჰიპოტეტურ დანაშაულზე გავრცელდეს ამნისტია,“ - ამბობს შალვა შავგულიძე.
პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ეს მოლაპარაკების მაგიდასთან არ ყოფილა.
"უნდათ, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ, სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ეგ არ ყოფილა შეთანხმებული მოლაპარაკების მაგიდასთან არც ერთ მომენტში. საერთოდ, ამაზე დისკუსიაც კი არ ყოფილა, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ჩემი აზრით, ეგ არის გასვლა შეთანხმებიდან. ეს უნდა გადავწყვიტოთ - ორ ვერსიას განვიხილავთ, ერთი რომ ალტერნატიული კანონპროექტი დავარეგისტრიროთ, რაც იძულებულს გახდის პარლამენტის ნებისმიერ წევრს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწიოს, რომელ ვერსიას დაუჭერს მხარს ან მეორე ვერსია არის, რომ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც თავისას მიიღებენ, ამას შეიძლება დიდი აზრი აღარ ჰქონდეს, ამიტომ დღეს შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, ვიმსჯელოთ და ან იმ გზით წავიდეთ ან ამ გზით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომელთაც 20 ივნისის მოვლენების დროს განზრახ დააზიანეს დემონსტრანტები, მართლსამჯულებას ვერ გაექცნენ.