ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. გაბრიელიუს ლანდსბერგი მიესალმება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნავს, რომ 19 აპრილის დოკუმენტში გაწერილი პუნქტები ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით უნდა შესრულდეს. ნიკა მელიას კი ევროპელი კოლეგების მიერ შეთავაზებული გარანტიების გათვალისწინება მოუწოდა.
გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებით, ლიეტუვა ყველა ხელმისაწვდომ ფორმატში დაგმობს რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს, ბორდერიზაციას და რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდას.
"გვაქვს მთელი რიგი მონიტორინგის გამოყენების შესაძლებლობა და ასევე, მე ვიქნები ყოველთვის ხელმისაწვდომი, თუ ამის საჭიროება იქნება. შეთანხმების ხელმოწერა დიდი ხნის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გადასადგმელია სხვა ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა: პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხების მოგვარება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს.
ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით. მოვუწოდებ ბატონ მელიას, რომ გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომლებიც შეთავაზებულია ევროპელი კოლეგებისგან,"- განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.
"ქართველი მოსახლეობის ნება,რომ გააჩნდეთ დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპული საქართველო არასდროს იქნება უგულვებელყოფილი. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯები, ბორდერიზაცია და რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდა იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში,"- აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.